spacer.png, 0 kB

სამედიცინო ინსტიტუტი ”თბილისი”

ფაკულტეტი - ჯანდაცვა

სპეციალობა - სამკურნალო

რექტორი - აკადემიკოსი ნოდარ ბაქრაძე

 



ფაკულტეტი - ჯანდაცვა


სპეციალობა - სამკურნალო


რექტორი - აკადემიკოსი ნოდარ ბაქრაძე


მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №47; ტელ.: 93-69-40; ფაქსი: 92-10-30; ელ.ფოსტა: \n This e-mail address is being protected from spam bots, you need JavaScript enabled to view it This e-mail address is being protected from spam bots, you need JavaScript enabled to view it

http: www.bakradzetbilisi.edu.ge


ლიცენზია - №01-17-08/1131


სამედიცინო ინსტიტუტი ”თბილისი” დაარსდა 1992 წელს, როგორც კერძო დამოუკიდებელი უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულება. იგი საქართველოში ერთ-ერთი პირველი საერო, უმაღლესი სამედიცინო სკოლაა.


ინსტიტუტი 1992-1997 წლებში იწოდებოდა ექიმ-თერაპევტთა სამედიცინო ინსტიტუტად, 1997-2000 წლებში - სამედიცინო ინსტიტუტ ”ცოდნად”, 2000 წლიდან დღემდე - სამედიცინო ინსტიტუტად ”თბილისი”.


საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 5 თებერვლის №17 ოქმის საფუძველზე შპს ”სამედიცინო ინსტიტუტ ”თბილისს” მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია და მისაღებ აბიტურიენტთა კონტინგენტგანესაზღვრა 24 ადგილი.


2006-2007 სასწავლო წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით სამედიცინო ინსტიტუტ ”თბილისში” შემსვლელ აბიტურიენტთა განაცხადი 22-ჯერ აღემატებოდა აკრედიტაციის საბჭოს მიერ გამოყოფილი ადგილების რაოდენობას. კერძოდ, 24 ვაკანსიაზე 540 აბიტურიენტის განაცხადი იყო შემოტანილი.


სამედიცინო ინსტიტუტი ”თბილისის” სასწავლო პროგრამა და სასწავლო პროცესის მართვის სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყანაში. მისი მიზანია - საერთაშორისო დონის შესაბამისი, მაღალ კონკურენტუნარიანი, ეროვნული სამედიცინო კადრების მომზადება.

 

სამედიცინო ინსტიტუტ ”თბილისის” მედიცინის ერთსაფეხურიანი სასწავლო პროგრამა შეადგენს სწავლების ექვს წელს და მოიცავს საბაზისო (თეორიულ), კლინიკურ დისციპლინებსა და დიპლომის წინა სპეციალიზაციას.


სასწავლო პროგრამა აერთიანებს მედიცინის სწავლების ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს და ეფუძნება ბაზისური და კლინიკური დისციპლინების ინტეგრირებულ სწავლებას, რაც გულისხმობს სწავლების პირველივე დღიდან თეორიულ საგნებთან ერთად კლინიკური დისციპლინების საწყისების შესწავლას. I კურსიდანვე სტუდენტი ავადმყოფის მოვლის, სამედიცინო დეონტოლოგიის პრინციპების შესწავლასთან ერთად სისტემატურად მორიგეობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურებსა და სხვადასხვა პროფილისა და ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში, რაც აუცილებელ კლინიკურ და კომუნიკაციურ უნარ–ჩვევებთან ერთად პათოლოგიური პროცესების არსის პრაქტიკულად წვდომის სიღრმისეულ შესაძლებლობას იძლევა.

 

სასწავლო პროგრამა სრულყოფილია სოციალური და მმართველობითი დისციპლინებით, რის შედეგად კურსდამთავრებული უკეთესად ერკვევა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზების სხვადასხვა მეთოდებსა და მიდგომებში.


სტუდენტის ინტერესისა და პროფესიული ზრდის უზრუნველსაყოფად მუშავდება, ახლდება და ფართოვდება არჩევითი კურსები, რომლებიც თავისი ინტერდისციპლინარული მიდგომითა და ხასიათით გამოირჩევა.


კლინიკურ დისციპლინათა სწავლება მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის მოწინავე კლინიკებში, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.


სასწავლო პროგრამა შედგენილია ბოლონიის დელარაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად - კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის ევროპულ სისტემასთან თანხვედრით (ECTS) და იგი მოიცავს 360 კრედიტს. ერთი კრედიტი შეადგენს 25 აკადემიურ საათს. აკადემიური საათების რაოდენობა ერთ სასწავლო წელს შეადგენს 60 კრედიტს (ანუ თითოეული სემესტრი მოიცავს 30 კრედიტს). საკონტაქტო დრო შეადგენს 16 აკადემიურ საათს, ხოლო სტუდენტის დამოუკიდებელ მუშაობაზე გამოყოფილია 9 აკადემიური საათი.


თითოეულ საგანში შეფასებისა და კრედიტების დაგროვების სისტემა დამყარებულია რიგი კომპონენტების ერთობლიობაზე, როგორიცაა: სტუდენტის დასწრება, აქტიურობა, შუალედური ჩათვლა, გაწეული დამოუკიდებელი სამუშაო, რეფერატის შესრულება, მორიგეობები და საბოლოო საგამოცდო შეფასება.


გამოცდები/ჩათვლები ძირითადა ტესტური გამოკითხვის მეთოდზეა დამყარებული. რიგ შემთხვევებში - საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე გამოცდა/ჩათვლა ორ ეტაპიანი - ტესტურ მუშაობასთან ერთად ტარდება ზეპირი გამოკითხვა ან სრულდება წერითი სამუშაო.

 

სამედიცინო ინსტიტუტ ”თბილისში” სასწავლო პროცესი დამყარებულია სასწავლო პროცესის კურატორული ზედამხედველობის მეთოდზე, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეულ ჯგუფს ჰყავს კურატორი, რომელიც უშუალოდ ჩართულია სასწავლო პროცესში - ესწრება ლექციებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს, ჩათვლებსა და გამოცდებს. იგი ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის დეკანის მიმართ და არის ერთგვარი მაკავშირებული რგოლი სტუდენტსა, პედაგოგსა და ინსტიტუტის ადმინისტრაციას შორის. აღნიშნულმა მეთოდმა სასურველი შედეგი გამოიღო - სასწავლო პროგრამები სწრაფად განახლებადია, სტუდენტის ჩართულობა მაღალია, ხოლო სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობა უფრო ორგანიზებული და პროდუქტულია. შედეგად მაღალია აკადემიური მოსწრება. მნიშვნელოვანია ის, რომ კურატორული ზედამხედველობის მიდგომამ პედაგოგის დრო უკეთ ორგანიზებული გახადა, რადგან ჯგუფის კურატორი ძირითად შემთხვევებში ტექნიკური ასისტენტის ფუნქციას ასრულებს.


სტუდენტთა ჩართვა სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში ინსტიტუტის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნაა. ინსტიტუტი ყოველ წელს ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები, რომლის მუშაობაშიც ჩვენი ინსტიტუტის სტუდენტებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები. ყოველი სამეცნიერო კონფერენციის მასალები გამოიცემა, ხოლო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულები ჯილდოვდებიან სიგელებითა და საჩუქრებით. ამასთან სამეცნიერო კონფერენციებზე გამარჯვებული თემები/სტუდენტები მონაწილეობენ საქართველოში - ბაკურიანსა და ქობულეთში ჩატარებულ სამეცნიერო სემინარებსა და კონფერენციებში.


სასწავლო პროცესში გამოიყენება საყოველთაოდ აღიარებული ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენოვანი სახელმძღვანელოები და დამხმარე ლიტერატურა. სახელმძღვანელოთა დიდი ნაწილი ამერიკის ოჯახის ექიმის ასოციაციის პრეზიდენტის რობერტ კლეინის მიერაა გადმოცემული საჩუქრად. ინსტიტუტის ბიბლიოთეკა მდიდარია ვიდეო და აუდიო თვალსაჩინოებებით, ხოლო წიგნადი ფონდი 4000-ზე მეტ ერთეულს შეიცავს.

 

ბიბლიოთეკაში ფართოდაა წარმოდგენილი ქართული და საერთაშორისი სამედიცინო პერიოდიკა, რომელიც მუდმივად ახლდება. ბიბლიოთეკის მუშაობა უზრუნველყოფილია კომპიუტერითა და შესაბამისი ელექტრონული კატალოგით.


დიდი მნიშვნელობა ენიჭება საინფორმაციო ტექნოლოგიების დაუფლებას. ინსტიტუტის ინტერნეტ-კლასი სათანადოთაა აღჭურვილი, რადგან საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სასწავლო და სამეცნიერო პროცესის ერთიანი წარმართვისათვის.


სამედიცინო ინსტიტუტი ”თბილისის” აკადემიური პერსონალი ყველა დისციპლინაში დაკომპლექტებულია დარგის გამორჩეული სპეციალისტებით; პროფესორ-მასწავლებელთა 70%-ზე მეტი მეცნიერებათა დოქტორი და კანდიდატია. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 5 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიოსი და 3 - სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.


სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სასწავლო პროცესის მართვაში. ინსტიტუტის საფაკულტეტო საბჭო 1/3-ით დაკომპლექტებულია სტუდენტებით.


ინსტიტუტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სტუდენტთა თვითმმართველობას, რომელიც ემსაურება სტუდენტთა ინტერესების დაცვას და ინსტიტუტში ახორციელებს სტუდენტური მხატვრული-თვითშემოქმედების და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას და სამეცნიერო მუშაობის და საზოგადოებრივი საქმიანობის წარმართვას.


ჩვენი ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა 85%–ი დასაქმებულია, რამდენიმემ უკვე მოიპოვა სამეცნიერო აკადემიური ხარისხი. მნიშვნელოვანია ის, რომ ინსტიტუტის სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებიც პარალელურად მოღვაწეობენ სხვადასხვა სამედიცინო ცენტრებში.


ინსტიტუტი უზრუნველყოფს სტუდენტთა შემდგომი დასაქმების ძიებას. მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციებთან, როგორც პოტენციურ დამსაქმებელთან. ინსტიტუტის ადმინისტრაცია იწვევს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს თავის სტუდენტებთან შესახვედრად. დამქირავებელი ინსტიტუტში მოდის ამა თუ იმ ვაკანსიით დაინტერესებულ სტუდენტთან გასაუბრების მიზნით და დამატებით აწვდის ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულების საქმიანობაზე. აგრეთვე ინსტიტუტი ატარებს სხვადასხვა პროგრამას სტუდენტთა სტაჟირებასა და შესაძლო დასაქმებასთან დაკავშირებით.


ყოველ წელს ინსტიტუტს სტუმრობენ უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები. იმართება შეხვედრები და პრეზენტაციები, იგეგმება გაცვლითი პროგრამები, ფორმდება ხელშეკრულებები რის ფარგლებშიც ჩვენი ინსტიტუტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მივლინებულ იქნენ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთში, გერმანიაში, სლოვენიაში, რუსეთში და სხვა.


ჩვენი მიზანია სტუდენტის აღზრდა და ფორმირება არა მხოლოდ მცოდნე სპეციალისტად, არამედ განათლებულ და ღირსეულ პიროვნებად და მამულიშვილად.

 
Copyright © All rights reserved. Webmaster: Akaki Gelashvili